
კალაძე – პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე: "შეცდომამ მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“
20/06/2019 14:24:34 სხვა, საზოგადოება
„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“-ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, საქართველოში მართლმადიდებლური ასამბლეა იმართება, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან. საზოგადოების აღშფოთება კონკრეტულად დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჯერ საქართველოში ვიზიტმა, შემდეგ კი მისი თავმჯდომარეობით გამართულმა მოხსენებამ გამოიწვია, რომელსაც სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მიჰყავდა.
კახა კალაძის განცხადებით, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს და ამ ფორმით კონფერენცია საქართველოში ვეღარ გაგრძელდება.
„საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის.
საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით, რუსი დეპუტატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება.
ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ვიბრძვით განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით. დღეს საზოგადოებაში და გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვენის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ.
დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ორგანიზატორებს აცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ საზოგადოებას რატომ და როგორ მოხდა“-განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც თავად მოაწერა ხელი დღის წესრიგს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ფორუმი, კახა კალაძე პასუხობს, რომ რომ არ გამოუვიდეს ვინმეს "გაპრავება", კობახიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება მეზობელ ქვეყანაში და მას შემდეგ, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდება, ყველაფერზე გააკეთებს განმარტებას.
კალაძის თქმით, განმარტებების გაკეთება ფორუმის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილსაც მოუწევს.