იცავს თუ არა საქართველო თამაშის წესებს

22-07-2020 18:03:04 კავკასია ,კომენტარი

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალება Haqqin.az-მა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების საპასუხოდ მორიგი სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის ისტორია ახალ ცნობებით შეავსო. კერძოდ, გამოცემის თანახმად, სომხეთში შეიარაღების გასაგზავნად საქართველომ საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა იარაღით მოვაჭრე სლობოდან ტესიჩს, რომელიც 2017 წლიდან ამერიკული სანქციების ქვეშაა.

გამოცემა ორ ფოტოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათზე ჩანს “კამაზის” ტიპის რუსული ავტომობილები, რომელთაც საქართველოს სახმელეთო გზით, სომხეთის მიმართულებით შეიარაღება გადააქვთ; რომ ეს ხდება 12 ივლისს - სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვამდე რამდენიმე დღით ადრე.

“Haqqin-ის რედაქციის ხელთ არსებული დოკუმენტების თანახმად, სერბეთიდან ნაღმმტყორცნები სერბულმა კომპანია Vectura Trans D.O.O-მ გაგზავნა, მიმღები კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროა. “Ventura Trans” აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში - ე.წ. მაგნიტსკის აქტში ფიგურირებს. შეიარაღება სერბეთის ქალაქ ნიშიდან საჰაერო გზით, დსთ-ის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ავიახაზებით გაიგზავნა”, - წერს გამოცემა.

მის პირველ სარედაქციო წერილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწოდეს «დეზინფორმაცია», რომელიც „შეიცავს უამრავ უზუსტობას“:

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას… აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისაკენ”.

ინფორმაციისთვის: 20 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოიძახეს. უწყების ინფორმაციით, დანიცა ვეინოვიჩმა განაცხადა, რომ სომხეთში სამხედრო ტვირთის გაგზავნაზე ინფორმაციას არ ფლობს და აზერბაიჯანის კითხვებს ბელგრადს გადასცემს. ქართველ ელჩთან დაკავშირებით კი ოფიციალური ცნობები არაა.

როგორ უნდა განვიხილოთ Haqqin.az–ის სარედაქციო წერილები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „აქცენტთან“ საუბრისას მედიის თავისუფლების კუთხით აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„სამწუხარო რეალობაა, რომ აზერბაიჯანში თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. ვიცით, რომ იმის მიხედვით, რამდენად პოპულარულია ესა თუ ის მედიასაშუალება, ის, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ყურადღების ქვეშაა. მედიის თავისუფლების ხარისხის გათვალისწინებით, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე მსგავსი ტიპის შეტევა ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვაა აზერბაიჯანის ხელისუფლების რომელიღაც კონკრეტული წრის მიერ“.

ხიდაშელის შეფასებით, მოვლენები იმ დინამიკაშიც უნდა განვიხილოთ, რომ ეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში პირველი მსგავსი შემთხვევა არაა და რამდენიმე თვის წინანდელ დაძაბულობას გვახსენებს: საუბარია საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რასაც ორივე ქვეყანაში დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მღელვარება მოჰყვა.

„ბაქოსა და თბილისში იყო მაღალი თანამდებობის პირების მიმოსვლა, დიალოგი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა მოახერხა და ეს ურთიერთობა დაუფიქრებელი განცხადებით დაძაბა. თუ ამ ფონზე შევხედავთ სურათს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, დღეს განცხადებებს ოფიციალური პირები რატომ არ აკეთებენ (საბედნიეროდ, არ აკეთებენ) და ნიადაგის მოსინჯვა ხდება მედიის წარმომადგენლების მხრიდან“,– ამბობს ხიდაშელი.

ყარაბაღის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანახმად, ეს არ არის პირველი შემთხვევა მცდელობებისა, საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის კონფლიქტში მხარედ აღმოჩნდეს ჩაბმული. ამ კონტექსტში ხიდაშელი სომხეთ–აზერბაიჯანს შორის 2016 წლის გაზაფხულზე მომხდარ სამდღიან შეტაკებებს იხსენებს:

„მაშინ ორივე მინისტრს ვესაუბრე. ნათლად ავუხსენი ჩვენი პოზიციაც და მეორეს მხრივ – ის სამართლებრივი გარემოც, რომელშიც საქართველო ამ კონფლიქტთან მიმართებაში იმყოფება. როგორც კი აზერბაიჯანელ მინისტრთან საუბარი დავასრულე და ვრეკავდი სომხეთის მინისტრთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ქართველი მინისტრის ინიციატივით შედგა საუბარი (დიახ, ორივე მინისტრთან თავად დავრეკე) და რომ მინისტრმა აზერბაიჯანულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა“... და ა.შ. – ინფორმაცია ამ პათოსით გრძელდებოდა. ჩვენი რეაქცია მყისიერი იყო: სომხეთის მინისტრთან ზუსტად სამ წუთში დავასრულე საუბარი და საჯაროდ გავავრცელეთ ინფორმაცია ორივე სატელეფონო საუბრის შესახებ, რომ „ორივე მინისტრთან დავრეკეთ, მშვიდობა ვუსურვეთ, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ამ ომში საქართველო არავის მხარეს არ არის და ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეობს, მოგვარდება მხოლოდ და მხოლოდ ექსკლუზიურად ორმხრივი ბალანსის ფარგლებში“... და ისტორია აქ დასრულდა“.

ხიდაშელი ასევე იხსენებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების დაძაბვიდან მალევე ორივე ქვეყნის მხრიდან იყო მოთხოვნები, სამხედრო ტვირთის გატარებაზე ნებართვა გაგვეცა:

„ორივე მინისტრთან ჩვენი ზარის მიზეზი სწორედ ეს იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარეებს განვუცხადეთ, რომ არავითარ პრობლემას არ შევქმნიდით იმ ფარგლებში და იმ წესების დაცვით, რომელიც მუდმივად მოქმედებს; რომ ჩვენ არავითარ განსხვავებას არ გვაძლევს, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუ დროებითი მშვიდობის ფაზაა – ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცეოდით ყოველთვის. ამდენად, მაშინ ძალიან მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილებები“.

რა ვალდებულებები აქვს საქართველოს

თინა ხიდაშელი საქართველოს მთავრობას რამდენიმე შეცდომაზე მიუთითებს, რაც მისი შეფასებით, ქვეყანას პრობლემურ ვითარებაში აყენებს:

  • პასუხი საგაზეთო პუბლიკაციაზე;
  • მოპასუხე;
  • პასუხის შინაარსი.

„პირველი შეცდომა თავად იმ ფაქტში მდგომარეობდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი გასცა რომელიღაც საგაზეთო პუბლიკაციას. კიდევ უფრო დიდი შეცდომა იყო, რომ მოპასუხე უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოჩნდა: თუ საქართველოს მთავრობას დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, ეპასუხა (როგორც ჩანს, თავადაც იციან, რომ ეს სახელისუფლებო მოსინჯვაა და არა რომელიღაც ჟურნალისტის სტატია), ეს პასუხი გაცემული უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს სახელით – საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა და, შესაბამისად, ამ უწყების პასუხი თავად თემის საგარეო პოლიტიკის დონეზე აყვანას გულისხმობს. ამდენად, სტატიაზე საგარეო პოლიტიკური პასუხი უბრალოდ აბსარდულია. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ამ შემთხვევაში ის ტექნიკური უწყებაა, რომელიც შეიარაღების გატარება–გამოტარებაზე გასცემს ნებართვებს“,– განმარტავს ხიდაშელი.

რაც შეეხება პასუხის შინაარსს, ხიდაშელი პრობლემას ორი მიმართულებით ხედავს:

„გვითხრეს, „დეზინფორმაციაა, იმდენ ტექნიკურ უზუსტობას შეიცავსო“, – ასეთი პასუხი ნიშნავს, რომ რაც დაიწერა, არსობრივად სიმართლეა, უბრალოდ ტექნიკური უზუსტობებით. ფაქტობრივად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დაადასტურა, ოღონდ უზუსტობებზე მიუთითა. მეორე შეცდომა ისაა, რომ წერილში ხაზგასმულია საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა: „ამას როგორ ვიზამდი, ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართო?!“.... – როდესაც შენი მთავარი არგუმენტი ამგვარია, ეს მეორე მხარეს გიძაბავს ურთიერთობას: რა გამოდის, პირიქით რომ მომხდარიყო, რადგან სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არაა, ამიტომ «არაუშავს»?! მსგავს შემთხვევაში აბსოლუტურად ქრება ფუნქცია, რომელიც ჩვენ ამ კონფლიქტთან მიმართებაში გვაქვს ნაკისრი და ეს არა მხოლოდ მორალურ–პოლიტიკურ–კეთილმეზობლური (რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემადგენელია), არამედ ჩვენი საერთოშორისო ვალდებულებაა, კონფლიქტის დროს დისბალანსი არ დავუშვათ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რადგან პირადად მიწევდა ამის კეთება, თავდაცვის მინისტრობის დროს დოკუმენტებს მე ვაწერდი ხელს, პირობითად, ყველა ტყვიას და რკინის ნაჭერს სათითაოდ ვითვლიდით, რომ რამე შეცდომა არ მოგვსვლოდა და რომელიმე მხარეს არ მომხდარიყო გადაწონვა“.

ხიდაშელი გვეუბნება, რომ არსებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აქვს უფლება, სომხეთისკენ მიმავალ ტვირთზე ორმაგი კონტროლი განახორციელოს:

„აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ რუსული შეიარაღებისთვის ცა და ხმელეთი ჩავკეტეთ და ვინაიდან სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, სომხეთის ხელისუფლებასთან გვაქვს ასეთი შეთანხმება: ჩვეს სამხედრო ატაშეს უფლება აქვს, დახვდეს ტვირთს, რომელიც საქართველოს გავლით ჩავა სომხეთში და გაჰყვეს მას საბოლოო დანიშნულების წერტილამდე. აქ ამოცანა ისაა, რომ ტვირთი რუსულ სამხედრო ბაზაზე არ მოხვდეს. ანუ, თუ ჩვენ ტვირთს ვატარებთ, ვატარებთ მხოლოდ სომხეთის საჭიროებებისთვის. ამდენად, კანონით, ორმაგი კონტროლის ქვეშ უნდა გვქონდეს სომხეთისკენ მიმავალი ტვირთი. მეორე სარედაქციო წერილში საუბარია სანქცირებულ კომპანიაზე და თეორიულად ვამბობ, რომ თუ მართლაც მოხდა მსგავსი რამ, კონტროლის იმდენი მექანიზმი არსებობს, რომ აქ შეცდომა შეუძლებელია. ერთადერთი შანსი, მსგავსი რამ მომხდარიყო, თუ მართლაც მოხდა, ეს არის საქართველის ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ნებაყოფილობითი ქმედება, რადგან საბუთი ძალიან ბევრ „თვალს» გადის“.

რატომ ვატარებთ სამხედრო ტვირთს?

„აზერბაიჯანს თავის სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთთან საზღვარი აქვს, მაგრამ სომხეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან – არა. სომხეთში შესვლა ირანიდან და კასპიის ზღვიდანაცაა შესაძლებელი, მაგრამ გასაგებია, რომ ეს გრძელი და რთული გზა, რომელიც თურქულ–რუსული ურთიერთობების ბოლო დაძაბვის გამო კიდევ უფრო გართულდა. ჩვენ ბალანსის შენარჩუნების (და არა აკრძალვის) ვალდებულება სწორედ იმის გათვალისწინებით გვაკისრია, რომ თურქეთს შეუძლია, აზერბაიჯანი მეორე, მესამე და ა.შ. სახელმწიფოების გარეშე მოამარაგოს, სომხეთს კი მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს. ამდენად, ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული, თუმცა იმ ფარგლებში, რომელზეც უკვე ვისაურეთ“,– განმარტავს ხიდაშელი.

რა მექანიზმებით უზრუნველყოფს საქართველო ბალანსის დაცვას?

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის თანახმად, თუ იარაღის შესყიდვა ლეგალური გზით ხორციელდება, მონაცემები დეპოზიტურ ორგანიზაციაში იგზავნება, რომელთან წვდომაც ყველა გამტარ ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ვისგანაც არ უნდა იყიდონ იარაღი აზერბაიჯანმა ან სომხეთმა, საქართველოს გაერო–ს სპეციალური სტრუქტურიდან ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდება, ამდენად, კონტროლი შესაძლებელია.

«გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია, გაიაროს თუ არა ტვირთმა, თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს ურთიერთგაგება, რომ შენ არც ერთი სახლმწიფოს მტერი არ ხარ და პატიოსნად იცავ თამაშის წესებს“ – დასძენს თავდაცვის ექს-მინისტრი.

თუ დავუშვებთ, რომ Haqqin.az–ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, რა მიზნით უნდა გადაედგა საქართველოს ეს ნაბიჯი და რა პოზიციაში აყენებს ეს ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით? – ხიდაშელის აზრით, ეს კითხვა საქართველოსთვის პრობლემატურია, რადგან პასუხი „ასე გვჭირდებოდა“ ამ შემთხვევაში არ გამოდგება:

“თუ სიმართლე აღმოჩნდა, შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის დავალების შესრულებაა, რადგან სხვა არანაირი ახსნა, რატომ იქცევი ასე სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, არ არსებობს: კონფლიქტში მხარე რომ არ ხარ, ეს გასაგებია; ხოლო თუ მის წინააღმდეგ იწყებ მოქმედებას, თან საერთაშორისო წესების დარღვევით, აქ უკვე კარგი პასუხი გამორიცხულია. ამიტომ, თუ ეს დადასტურდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები