
გავრილოვი: „საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებს ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლა ემუქრება“
20/06/2019 11:31:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებით, არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხე.
ამის შესახებ გავრილოვმა „რუსთავი 2“–თან საუბრისას განაცხადა, თუმცა არ ჯერ–ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მოლაპარაკებებს გულისხმობს რუსეთის დუმის დეპუტატი.
ამასთან გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა “რადიკალებმა დაიკავეს”, რის გამოც შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.