
ევროპელი დეპუტატები – საქართველოს ხელისუფლებას: "ველოდებით ლგბტქი მარშის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას"
20/06/2019 06:30:29 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპელი დეპუტატები ევროკომისიას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაერიონ "თბილისი პრაიდის" გარშემო მიმდინარე მოვლენებში. კერძოდ, დეპუტატებმა ევროკომისრებს – ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას წერილობით მიმართეს და სთხოვეს, საქართველოს ხელისუფლებას გამოხატვისა და ლგბტქი თემის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდონ.
“ულტრამემარჯვენე ლგბტ-ფობიური ჯგუფების თავდასხმების საფრთხის ფონზე, საქართველოში პირველი "პრაიდი" იგეგმება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ზომების მიღებაზე, რომ "პრაიდი" მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს. ცხადია, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მსვლელობის უსაფრთხოების დაცვა საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრაციები უსაფრთხო გარემოში. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადასცეთ გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ველოდებით, მათგან ადამიანის უფლებების სრულფასოვნად დაცვას და მარშის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - წერია ევროპელი დეპუტატების წერილში.