
ირანი: „ჩამოვაგდეთ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრა“
20/06/2019 07:40:02 სხვა, მსოფლიო
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ჯარისკაცებმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია.
მოგვიანებით, ირანის ძალების მიერ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტი ვაშინგტონმაც დაადასტურა. თუმცა როგორც ამერიკული მხარე აცხადებს, საფრენი აპარატი „ჰორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდა“.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. 17 ივნისს კი პენტაგონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის.