
კარპენტერი: “საქართველო აშშ-ის ხელისუფლების დღის წესრიგში აღარ ფიგურირებს”
20/06/2019 06:23:16 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ბაიდენის ცენტრის დირექტორ მაიკლ კარპენტერის მონაცემებით, სადღეისოდ საქართველო აშშ-ის ხელისუფლების დღის წესრიგში არ ფიგურირებს.
“იძულებული ვარ, მწუხარებით მოვახდინო იმის კონსტატაცია, რომ სადღეისოდ საქართველო აშშ-ის ხელისუფლების დღის წესრიგში არ ფიგურირებს, ამერიკულ პოლიტიკურ რადარებზე არ არის. დიახ, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ახლახანს გამართა შეხვედრები სახელმწიფო მდივან პომპეოსთან, მაგრამ აქაური მოვლენებისადმი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეების ყურადღების, საქართველოს მხარდაჭერაში მათი ჩართულობისა და საჭიროების შემთხვევაში “მძლავრი ჩახუტების” თვალსაზრისით, აშშ-მა დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, განსაკუთრებით - ბოლო 2-3 წლის განმავლობაში” - განაცხადა კარპენტერმა სპეცპროექტმა “Пограничная ZONA”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე აზრით, “ეს, უპირველესად, თავად აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლილი საგარეო პოლიტიკითაა გამოწვეული”:
“ფაქტობრივად, ერთეულები თუ ანიჭებენ სადღეისოდ ვაშინგტონში მნიშვნელობას იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ამიტომაც არ გვყავს საქართველოში ამდენი ხანია, ელჩი – აქ ვინმეს ყოლა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ეს რომ პრიორიტეტი იყოს, ელჩი ხვალვე გვეყოლებოდა. კარგი სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ის ბიუროკრატიული მანქანა ძალზე პოზიტიურად ეკიდება საქართველოსთან თანამშრომლობას. მაგალითად, პენტაგონმა, როდესაც იქ ვიყავი, დაიწყო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან, მერე ასეთივე თანამშრომლობა გაგრძელდა მდივან მეტისის პერიოდში და შემდეგაც. ამას პროფესიონალი ბიუროკრატები უდგანან სათავეში. მათ დონეზე ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ და ეს მხოლოდ სამხედრო სფეროზე არ ვრცელდება. ასე, რომ უფრო ქვედა დონეზე მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სამწუხაროდ, საქართველოს საკითხისადმი სათანადო ყურადღება არ ჩანს”.
ამავდროულად, კარპენტერის თქმით, ზემოაღნიშნულის მიზეზი თავად საქართველოშიცაა, კერძოდ, იმაში, რომ ბოლო წლებში ქვეყანა “არცთუ სწორი მიმართულებით მიდის”:
“საქართველოს არაჩვეულებრივი ელჩი ჰყავს აშშ-ში, რომელიც ყოველმხრივ ცდილობს ქვეყნის ინტერესების ლობირებას. თუმცა ამავდროულად, ვფიქრობ, საქართველო ბოლო წლებში არცთუ სწორი მიმართულებით მიდის. ამ მოცემულობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, უჩვენოს საქართველოს, რომელი მიმართულებები შეიძლება, იყოს კონტრპროდუქტიული და რომელი - უკეთესი ქვეყნისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მინდა, გითხრათ, რომ ხანდახან ეს მოიცავს საკმაოდ მძიმე საუბრებსაც”.
კითხვაზე, “თვლიან თუ არა აშშ-ში, რომ საქართველო დღემდე ერთგულია დემოკრატიის განვითარების კურსის?”, კარპენტერმა განაცხადა, რომ “საქართველო დღემდე ლიდერია რეგიონში ამ მიმართულებით, თუ შევადარებთ იგივე რუსეთს ან სხვა მეზობლებს. თუმცა ბოლო წლებში თვალს ვადევნებთ პროცესებს, რომელიც შეშფოთების საგანს იძლევა”.
ამ კონტექსტში მან მედიაპლურალიზმის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ შეშფოთების უმთავრეს საგნად “ეკონომიკური რესურსების რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრირება და ამ რესურსების პოლიტიკურ ძალასთან სიმბიოზი” დაასახელა:
“ჯერ-ჯერობით ამას ქართული დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ეს შეიცავს ავტორიტარულ მმართველობაზე გადასვლის პოტენციალს. ამ კუთხით სასარგებლოა, გადავხედოთ უნგრეთის მაგალითს: იქ კარგად ჩანს, რამდენად საშიშია ეს სტრატეგიულად დემოკრატისთვის” - დასძინა კარპენტერმა.