
ერევანში საზღვრისპირა ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნის განკარგულება გასცეს
14/07/2020 18:55:37 კავკასია
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აუცილებლობის შემთხვევაში ტავუშის ოლქის მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზადყოფნის განკარგულება გასცა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ უწყების ხელმძღვანელმა ფელიქს წოლოკიანმა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობასთან თათბირი გამართა და აუცილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობის თავშესაფარში განთავსებასა და ევაკუაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის მომზადების განკარგულება გასცა.
სომხეთის ტავუშის ოლქი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს.
ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად. საზღვარზე ამ დროისთვისაც დაძაბულობაა. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სროლები საღამოს განახლდა.
ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.
ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.
ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.