Accentnews.ge
"საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია... მტერს ჩვენი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ"

"საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია... მტერს ჩვენი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ"

13/07/2020 10:02:01 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ პროვოკაციაზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის მთავრობას აკისრებს და აცხადებს, რომ საზღვართან ვითარება კვლავ დაძაბულია.

როგორც ალიევი აცხადებს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მიიწვევს უცხოელ სამხედროებს, რათა ისინი დარწმუნდნენ, ვინ მოაწყო პროვოკაცია.

„გუშინ სომეხმა სამხედროებმა საზღვარზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს სომხური მხარის მორიგი პროვოკაციაა. ეს იყო ჩვენს პოზიციებზე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები, მაგრამ ეს თავდასხმა აღვკვეთეთ და ადეკვატური პასუხი გავეცით. შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული სამხედროებისთვის. დღეს საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიული მთლიანობას დაიცავს, გუშინ ჩვენი ტერიტორიების არც ერთი სანტიმეტრი არ დავუთმეთ მტერს. სომხეთის მთავრობის ეს ქმედება არ ჯდება ლოგიკაში და თავად სომხეთისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა.

თავის მხრივ სომხეთი პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს.

"რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება",– განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე.

მისი თქმით, საზღვარზე ვითარების გამწვავებით აზერბაიჯანი ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.

ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა:

„შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის გამო. ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გამოიჩინონ თავშეკავება და კომუნიკაციისთვის ყველა არხი, როგორც პირდაპირი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისები გამოიყენონ,“- წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S