ადვოკატი ამბობს, რომ შაქარაშვილის საქმეში 112-ის მეორე ჩანაწერი 30 ივნისით თარიღდება

08-07-2020 20:03:49 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირში დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ გამოძიების მიერ მიწოდებული 112-ზე დარეკვის აუდიოჩანაწერები სხვადასხვა დღით თარიღდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ერთ-ერთ ახალ მტკიცებულებაზე, სადაც პატრულის გამოძახებისა და გაუქმებაზე საუბარი, ადვოკატმა "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

"ფაილის შექმნის თარიღი სულ სხვადასხვაა, ორი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ჩვენც გადმოგვეცა აუდიო მასალის სახით... ერთი, როცა ბატონი ბრეგვაძე 112-ში რეკავს და დახმარებას ითხოვს და მეორე, როცა 112-დან ურეკავენ, ეუბნებიან ლოკაცია უთხრას. პირველი ჩანაწერის ფაილის შექმნის თარიღია 19 ივნისი, 00:45 სთ, ხოლო მეორე ჩანაწერის შექმნის თარიღი არის 30 ივნისი, 23:30 საათი" - ამბობს ადვოკატი.

7 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა აუდიოჩანაწერი და აღნიშნა, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის, იაკობ ბრეგვაძის 112-ზე დარეკვას ასახავდა. პირველ ჩანაწერში ისმის პატრულისა და სასწრაფოს გამოძახების მოთხოვნა, მეორე ნაწილი კი ამ გამოძახების გაუქმებას ეხება.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები