
„თბილისი პრაიდის“ ერთ–ერთი ორგანიზატორი: „ღირსების მარში“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არ გაიმართება“
19/06/2019 10:52:42 სხვა, საზოგადოება
„სად ჩატარდება „ღირსების მარში“ ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა გეტყვით, რომ მარში არ გაიმართება თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სპექტაკლი გაიმართება, თუმცა სად, ორგანიზატორები არ ასახელებენ:
„სპექტაკლს ჰქვია „კავკასიური მეტამორფოზა“ და დაიდგა ცნობილი მწერლის ფრანც კაფკას მოთხრობის „მეტაფორზას“ მოტივების მიხედვით. სპექტაკლის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა გეი ბიჭი, რომელიც მშობლებს ეუბნება, რომ არის ჰომოსექსუალი და სწორედ მშობლების რეაქციას ასახავს ეს სპექტაკლი. ჩვენ არ ვთამაშობთ და ავსახავთ რეალობას, რომელიც გვაქვს. სოციალური სპექტაკლის მიზანი და სიკეთეც სწორედ ეს არის, რომ დავანახოთ ადამიანებს რეალობა და გამოსავალი. გამოსავალი კი საკუთარ შვილთან დიალოგია. გარიყვა და მისი ცხოვრების წესის შეცვლის მცდელობა გამოსავალი არ არის. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სპექტაკლის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია“.
ცნობისთვის: 31 მაისს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ.
16 ივნისს ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, ვასაძემ განაცხადა, რომ რაზმები აღარ შეიქმნება. დღეს კი ბიზნესმენმა მხარდამჭერებს მოუწოდა, თუ "თბილისი პრაიდი" გაიმართება, "კომბლები სხვენში შეაწყონ" და შიშველი ხელებით გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ღონისძიება მაინც გაიმართება.
18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში „სიამაყის კვირეულის“ გამართვას გეგმავს. „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა.