"ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია, იგი ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის"

03-07-2020 18:12:19 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ბრეგვაძე ამ საქმეში დაზარალებული და ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს, ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, - წერს გიორგობიანი.

ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი ფოტოგრაფი შსს-ს თანამშრომლის ნათესავია.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პირებიდან არც ერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

იხილეთ ასევე:

რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება

შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ექსპერტი ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებზე საუბრობს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები