საქართველოში კორონავირუსის 107 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
03/07/2020 06:58:19 საზოგადოება
3 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 107 რეგისტრირებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამრიგად, ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირებულთა 87%–ია გამოჯანმრთელებული,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული შემთხვევები შიდა გადაცემას არ უკავშირდება.
„ყველა შემოტანილია: ორი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო ორი არის ჩვეულებრივი მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან შემოსული“,– განაცხადა ეზუგბაიამ
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 23 პაციენტი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდასტურდა. ამასთან, გასულ დღე–ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება დადასტურდა ოთხ მოქალაქის შემთხვევაში და მათ კლინიკები დატოვეს.
ამრიგად, 2 ივლისის დილის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 943 შემთხვევა, მათგან 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 15 პაციენტი.
იხილეთ ასევე:
კვლევა – Covid-19–მა მუტაცია განიცადა და ის უფრო სწრაფად ვრცელდება


