კვლევა – Covid-19–მა მუტაცია განიცადა და ის უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების უფრო გამწვავება არ ფიქსირდება
02/07/2020 19:39:37 საზოგადოება
Covid-19–მა მუტაცია განიცადა და ის უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადების უფრო გამწვავება არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Cell–ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
კვლევის ავტორები საერთაშორისო ექსპერტები, მათშორის ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები არიან.
"კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა. შედეგების თანახმად, სადღეისოდ ახალი კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი აღმოჩენის პირველ ეტაპზე. თუმცა, დგინდება, რომ დაავადებას უფრო მეტად გამწვავებული ფორმები არ აქვს", – განაცხადა "Los Alamos"–ს ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერმა ბეტე კორბერმა.
რას ნიშნავს ახალი კვლევის შედეგები
როგორც კვლევის ერთ–ერთი თანაავტორი, ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, ეს შესაძლოა, დადებითი მოვლენა იყოს.
"ჩვენი კვლევის თანახმად, Covid-19 უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ის არ არის უფრო პათოგენური. ეს კი აჩენს იმედს, რომ რამდენადაც SARS-CoV-2 [ ვირუსი, რომელიც Covid-19–ს იწვევს] ვრცელდება, შესაძლოა ვირუსი უფრო ნაკლებად პათოგენური გახდეს", – განაცხადა დიდი ბრიტანეთის Warwick–ის უნივერსიტეტის მეცნიერმა ლოურენს იუნგმა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 519 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 800 000–ს გადააჭარბა, 6 033 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 939-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 817 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


