
რუსეთის მთვლელმა პალატამ კრემლი სოციალური აფეთქების საშიშროების შესახებ გააფრთხილა
18/06/2019 14:40:38 სხვა, მსოფლიო
რუსეთის მთვლელი პალატის ხელმძღვანელი ალეკსეი კუდრინი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში ცხოვრების დონის ვარდნის გამო და მოსახლეობის გაღარიბების გაგრძელების შემთხვევაში სოციალურ აფეთქებას არ გამორიცხავს.
როგორც კუდრინმა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში “პოზნერი” სტუმრობისას აღნიშნა, რუსეთის მოსახლეობის რეალური შემოსავლები 2019 წელს, დიდი ალბათობით, ვარდნას გააგრძელებს და ეს – იმ ფონზე, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების მონეტარული სოციალური მხარდაჭერის გეგმა არ გააჩნია.
მანამდე სახელმწიფო სათათბიროს წინაშე ანგარიშის წარდგენისას პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ დაახლოებით 19 მლნ მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
“როსსტატმა” კი გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,3%-ით შემცირდა.
“ნათელი მომავლის” იმედს მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო ინარჩუნებს: უწყების პროგნოზით, წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეთა შემოსავლები 1%-ით გაიზრდება და ზრდას მომდევნო წლებშიც განაგრძობს.