
ტიკარაძე მინისტრად დაინიშნა, სერგეენკო ბახტაძის მრჩევლად
18/06/2019 10:00:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მის შემცვლელად პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკა ტიკარაძე წარადგინა.
„ეკას მინდა წარმატებები ვუსურვო. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტიკარაძემ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მეორე ტალღა დააანონსა.
„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად".
ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მოწვეული კონსულტანტი, მანამდე კი სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.
ეკატერინე ტიკარაძის Linkedin პროფილის მიხედვით, ის გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც [ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფინანსებული] საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება სერგეენკოს, ის პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე. დარწმუნებული ვარ, დათო ჩემი მრჩევლის პოსტზე იქნება ისეთივე წარმატებული და მნიშვნელოვანი საქმეების გამტარებელი, როგორიც მინისტრად ყოფნის პერიოდში. დათო იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და ის არის ჩვენი საუკეთესო კადრი. დარწმუნებული ვარ, იმ ერთობლივი საქმიანობა, რომელიც გვექნება მომავალში, ჩვენ უფრო მეტი საქმის გაკეთების საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის.
„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.