ომის შემდეგ პირველად, ახალგორში სოციალურად დაუცველებს უფასოდ საცხოვრებელი ფართები გადასცეს

26-06-2020 13:33:10 რეპორტაჟი

ოკუპირებულ ახალგორში სოციალურად დაუცველმა ოცამდე ოჯახმა უფასო საცხოვრისი მიიღო. ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა რაიონში 2008 წლის ომის შემდეგ.

ამ საჭიროებისთვის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი საბავშვო ბაღის მიტოვებული შენობები გამოჰყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა. თუმცა როგორც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში გაარკვია, შესაბამისი გადაწყვეტილება რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა მიიღო.

2008 წლის ომამდე ახალგორში ორი საბავშვო ბაღი იყო, ისინი 25-30 წლის წინ ააშენეს, თუმცა შენობები კარგადაა შემონახული. ლეონიდ თიბილოვის დე ფაქტო მმართველობის პერიოდში რუსული საინვესტიციო პროგრამით დაბაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და აღსაზრდელები ძველი შენობებიდან იქ გადაიყვანეს. რაც შეეხება ძველ შენობებს, გარკვეული დროის განმავლობაში ისინი მიტოვებული იყო, ახლა კი სოციალურად დაუცველთა მოხმარებაში გადაცემა გადაწყვიტეს.

«ხელისუფლება შენობებს სახურავს შეუცვლის, შიდა ფართების მოწყობას კი ახალი ბინადრები უკვე თავისი გემოვნებისამებრ განახორციელებენ. შენობები კარგ მდგომარეობაშია, შიგნით სისუფთავეა, ყველა სახის კომუნიკაცია მიყვანილია. აქ სულ მცირე, 20-მდე ოჯახი მაინც შეძლებს ცხოვრებას. ზოგიერთი უკვე შესახლდა, ზოგიც ბინებს ირემონტებს” – ამბობს მეარაყიშვილი .

მისი ინფორმაციით, ახალ ბინადრებს შორის როგორც ქართველები, ისე ოსებიც არიან, ყველა მათგანი ადგილობრივია, უმთავრესად – მრავაშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და მოხუცები, ასევე ხანდაზმული ქალი, რომელსაც სახლი დაეწვა და ბოლო პერიოდში საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდა. არიან ასევე ქართული სკოლების პედაგოგები, რომლებიც მშობლიური სოფლების დაცარიელების შემდეგ ბინებს ადგილობრივი სკოლის სიახლოვეს ქირაობდნენ.

“მთლიანობაში, ფართები სამართლიანად დარიგდა. ამ შენობებში იცხოვრებენ ადამიანები, რომლებიც რეალურად საჭიროებდნენ სახელმწიფოს დახმარებას” – ამბობს თამარი.

ამასთანავე, მისი აზრით, ეს დროული გადაწყვეტილება იყო: ცოტაც - და ეს შენობები მწყობრიდან გამოსვლას დაიწყებდა:

“ასე მოხდა რუსული სკოლის შემთხვევში. ომამდე ქართულმა ხელისუფლებამ შენობაში რემონტი წამოიწყო, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოესწრო, ის ამხანაგები კი, რომლებმაც ის ჩაანაცვლეს, აშკარად არ ჩქარობდნენ წინამორბედთა მიერ დაწყებული საქმის დასრულებას. პაუზა იმდენად გაიწელა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შენობა მიტოვებულად ჩათვალეს და მისგან ყველაფრის ამოცლა დაიწყეს, რაც სახლში შეიძლებოდა, გამოსდგომოდათ, სანამ მხოლოდ აგურის ჩონჩხი არ დარჩა”.

არის, თამარის თქმით, ამ ისტორიაში კიდევ ერთი პოზიტიური მომენტიც:

“წლების განმავლობაში ცხინვალისა და ადგილობრივი ადმინისტრაციები აკეთებდნენ განცხადებებს კორპუსებში არსებული ბინების საკუთრების უფლების გადახედვის აუცილებლობის თაობაზე. სხვადასხვა დროს არგუმენტაცია განსხვავებული იყო. თუმცა მთლიანობაში, აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ საბჭოთა პერიოდში ბინები სახლმწიფო საკუთრებაში ირიცხებოდა, ქართულ პრივატიზაციასა და იმ პერიოდის ყველა ქონებრივ გარიგებას, როცა რაიონი ცხინვალის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, ხელისუფლება გაუქმებულად მიიჩნევს; ამ ლოგიკით, ბინები კვლავ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და ხელისუფლებას უფლება აქვს, გააქირავოს მათი ის ნაწილი, რომელიც დაცარიელდა. გამოთავისუფლებული ბინების გადაცემა რაიონში ჩამომავალი სპეციალისტებისთვის იგეგმებოდა – ამ გზით ხელისუფლება კადრების – პედაგოგების, ექიმების და ა.შ. დეფიციტის პრობლემის გადაჭრას აპირებდა. ბოლოს მსგავსი გეგმა რაიონის უკვე ამჟამინდელმა მმართველმა საახალწლოდ გააჟღერა, მაგრამ მისმა უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ იმედი ჩასახა, რომ ვიტალი მამიტოვი ბინების ჩამოთმევას არ დაიწყებს".

როგორც თამარი განმარტავს, ადრე ხშირი იყო შემთხვევები, როცა ადამიანებს, რომლებიც რაიონში არ ცხოვრობდნენ, ქონებას ართმევდნენ, მაგრამ ახლა მსგავსი რამ აღარ ხდება:

“თავად რაიონის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეებიც ბინებს ქირაობენ და გადასახადს პატიოსნად იხდიან – ცარიელ ბინაში მათგან თავხედურად არავინ შესულა. ასევე არიან სხვა დანარჩენიც, არავინ იყენებს ამ მხრივ ბოროტად სამსახურებრივ მდგომარეობას – არც რაიონის პროკურორი, არც საავადმყოფოს მთავარი ექიმი, არც სხვები – ყველა ქირაობს და პატიოსნად იხდის».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები