
ვასაძე "სახალხო რაზმების პატრულირებას" აუქმებს
17/06/2019 16:13:17 სხვა, საზოგადოება
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება, რაც მინდა, რომ მოგილოცოთ. მინდა, მოვიწონო შს სამინისტროს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი აზროვნების გადაწყვეტილება. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ამისთვის. იმის გამო, რომ "პრაიდის" ორგანიზატორებს არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მაგრამ ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცეთ სახელმწიფოს ამ უწყებას და გავაუქმებთ გამოცხადებულ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც ხვალ უნდა დაწყებულიყო. ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს, რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას. მაგრამ ნურავის ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და თუ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონზე ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან", - თქვა მან ვერის ბაღში.
ცნობისთვის: გუშინ ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე შსს–მ გამოძიება დაიწყო. ამასთან, დღეს შსს–ში "პრაიდის" ორგანიზატორებსა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა შედგა. შსს–, ლგბტ თემის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ გამართონ ღონისძიება.