გერმანიიდან რუსეთში 600 ტონაზე მეტი ბირთვული ნარჩენები გაგზავნეს
23/06/2020 16:25:09 მსოფლიო
გერმანიიდან რუსეთში გაიგზავნა ტვირთი, რომელიც 600 ტონაზე მეტ ბირთვულ ნარჩენებს შეიცავს, - იუწყება ეკოლოგიური ორგანიზაცია “ეკოდაცვა”. მისივე ინფორმაციით, 12 ვაგონი ნარჩენებით, რომელიც აეს-ისთვის საწვავის წარმოებისას ურანის გამდიდრების პროცესში წარმოიშობა, რუსეთში რკინიგზით გაიგზავნა, კიდევ რამდენიმე კონტეინერი – სატვირთო მანქანებით ამსტერდამში, საიდანაც მათ სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე პორტ უსტ-ლუგაში ჩაიტანენ.რუსეთში ნარჩენები ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში უნდა მიიტანონ.
რუსეთის კანონმდებლობა ქვეყანაში უცხოეთიდან ბირთვული ნარჩენების დასამარხად შეტანას კრძალავს. ამასთან, დაიშვება ბირთვული მასალების იმპორტი გამდიდრებისთვის უცხოელი მომწოდებლისთვის შემდგომი დაბრუნების პირობით.
თუმცა “გრინფისის” ეკოლოგების მტკიცებით, მეორადი ნარჩენები რუსეთში რჩება. 2020 წლის დასაწყისიდან, “ეკოდაცვის” მონაცემებით, რუსეთში 3 ათას ტონაზე მეტი ბირთვული ნარჩენი შეიტანეს და გერმანული Urenco 2022 წლისთვის მიწოდებების 12 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს.
გარდა ამისა, ნიდერლანდების პორტების რუსეთში მიწოდებების განსახორციელებლად გამოყენების ნებართვა მიიღო ფრანგულმა Orano-მაც.
გერმანიიდან ურანის ნარჩენების მიწოდებები 2019 წელს 10-წლიანი წყვეტის შემდეგ განახლდა.
რუსული “როსატომის” ქვესტრუქტურა – “ტეხსნაბექსპორტი” კი ირწმუნება, რომ გერმანიიდან მიწოდებული ნარჩენების რადიოაქტიურობა და ტოქსიკურობა ბუნებრივი ურანისაზე დაბალია, ამიტომაც მათი რადიოაქტიურად მოხსენიება არასწორია.


