
მეთოდიკის შეცვლის მიუხედავად, პუტინის რეიტინგი კიდევ დაქვეითდა
17/06/2019 12:40:17 სხვა, მსოფლიო
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა პოლიტიკოსებისადმი ნდობის ახალი ყოველკვირეული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პრეზიდენტ პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო დაქვეითდა. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ წინა შემთხვევის შემდეგ, რომელმაც პუტინისადმი დაბალი ნდობა გამოავლინა, ცენტრს რეიტინგის კვლევის მეთოდიკა შეაცვლევინეს.
3–9 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი 72,4–დან 71,7%–მდეა დაცემული. პუტინისადმი უნდობლობა ყოველმა მეოთხე რესპონდენტმა დააფიქსირა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეკორდულად დაბალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ რუს მკვლევარებს მეთოდიკა შეაცვლევინეს. კერძოდ, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო სააგენტომ პოლიტიკოსების მიმართ ნდობის გამოთვლის მეთოდიკა შეცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვლევის შედეგად პუტინს რეკორდულად დაბალი რეიტინგი - 31 % დაუფიქსირდა, იუწყება რუსული მედია.
სასწრაფოდ ჩატარდა დაუგეგმავი ახალი კვლევა, რომლის ფარგლებში რესპონდენტებს კითხვას უსვამდნენ პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების მიხედვით. შედეგად პუტინის რეიტინგი წინა კვლევაში დაფიქსირებული 31–დან ერთბაშად 72%–მდე ავარდა.