Accentnews.ge
“თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის გამო” მოსკოვში აღლუმზე არც ხორვატიის პრეზიდენტი ჩავა

“თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის გამო” მოსკოვში აღლუმზე არც ხორვატიის პრეზიდენტი ჩავა

22/06/2020 14:31:19 მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი შეემატა იმ მსოფლიო ლიდერების სიას, რომლებიც 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე დასაწრებად რუსეთში არ ჩავენ.

როგორც ხორვატიის საელჩოში “რია ნოვოსტის” განუცხადეს, “პრეზიდენტის თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა”.

უფრო ადრე მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადეს თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. სამივე შემთხვევაში მიზეზი კორონავირუსს უკავშირდება.​

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა უარი იმით ახსნა, რომ 29 ივნისს 63 წელი შეუსრულდება, რაც თურქმენეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის ასაკის მიღწევად ითვლება – უმნიშვნელოვანეს მოვლენად, რომელსაც ახლობლების წრეში აღნიშნავენ და რომლის არაღნიშნვა დაუშვებელია, მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში კი დაბრუნებულს 2 კვირის განმავლობაში სავალდებულო კარანტინში მოუწევდა ყოფნა. ეს – მაშინ, როცა ამ დრომდე, პანდემიის მიუხედავად, თურქმენეთის ლიდერი უსაფრთხოების ნორმებს ქვეყანაში მუდმივად უგულებელყოფდა.

მანამდე მოსკოვში ჩასვლაზე უარი თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელმაც მიზეზად რუსეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება დაასახელა.

აღლუმზე არც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავა.

მანამდე ყველა ეს ლიდერი თანხმობას აცხადებდა, 9 მაისს აღლუმზე ჩასულიყო, თუმცა პანდემიის გამო ეს უკანასკნელი 24 ივნისისთვის გადაიტანეს.

მოსკოვში ჩასვლას აპირებენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები. ამასთან დაკავშირებით ანატოლი ბიბილოვი ცოტა ხნის წინ დისტანციური მუშაობის რეჟიმზეც კი გადავიდა.

11 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ აღლუმზე დასწრების სურვილი დაადასტურეს 12 ქვეყნის ხელმძღვანელმა პირებმა, უმთავრესად – დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენლებმა.ბოლოდროინდელი უარების გათვალისწინებით, აღლუმზე უცხოელი სტუმრების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამ დრომდე მოსკოვში ჩასვლის პირობა ძალაში რჩება ყაზახეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ასევე სერბეთის ლიდერ ალექსანდრე ვუჩიჩის მხრიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S