
ნიკოლ ფაშინიანი: „გარე ძალებს სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არ მივცემთ“
17/06/2019 11:04:19 სხვა, მსოფლიო
სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ხელისუფლება გარე ძალებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას არ მისცემს.
ამის შესახებ მან მმართველი პარტიის რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოვახერხეთ 2018 წლის რევოლუციის ხავერდოვნად, მნიშვნელოვანი შეტაკებების გარეშე განხორციელება, იმაში მდგომარეობს, რომ პრინციპულად არ მივეცით არც ერთ გარე ძალას, არც პოლიტიკურს, არც საზოგადოებრივს, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში მიეღო მონაწილეობა. ჩემი პოლიტიკური გუნდისა და პირადად ჩემთვის ეს ეროვნული და პირადი ღირსების საკითხია, ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ დღესაც და არვის მივცეთ საშუალება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეში, არც პოლიტიკურში, არც ეკონომიკურში, არც სასამართლოს კუთხით“, – განაცხადა ფაშინიანმა.