პუტინი – პრეზიდენტად სამომავლო კენჭისყრის შესაძლებლობაზე: «მერე ვნახოთ»
22/06/2020 06:43:14 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ მომავალში ქვეყნის ხელმძღვანელად კვლავ იყაროს კენჭი.
პუტინის თქმით, იგი ამაზე დაფიქრდება, თუ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერენ მხარს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი პუტინის საპრეზიდენტო ვადების ე.წ. “განულებას” ითვალისწინებს, ანუ მოქმედ პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს, 2024 წლის შემდეგ კიდევ ორი 6-წლიანი ვადით იყაროს კენჭი და რუსეთი XX საუკუნის ყველა ლიდერზე დიდხანს – 2036 წლამდე მართოს. იმ დროისთვის პუტინი 84 წლის იქნება.
.«ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას, თუ იგი კონსტიტუციაში ჩაიდება. მერე ვნახოთ», – აცხადებს პუტინი დოკუმენტურ ფილმში «რუსეთი. კრემლი. პუტინი», რომელიც დღეს საღამოს ტელეარხ «Россия-1»-ზე იქნება ნაჩვენები, - იუწყება რუსული მედია.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრა რუსეთში 1 ივლისისთვისაა დაგეგმილი. თუმცა ცალკეულ რეგიონებში იგი წინმსწრებად – 25 ივლისიდან დაიწყება, თან სხვადასხვა, მათ შორის როგორც ონლაინ, ისე კარდაკარ ჩამოვლისა და საარჩევნო უბნებზე მისვლის ფორმით იწარმოებს.


