"საბჭოთა კავშირის დაშლისას ბევრმა რესპუბლიკამ რუსული მიწები თან წაიღო"
22/06/2020 05:56:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ "ტრადიციულად რუსული მიწები" თან წაიღო.
"საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ იმით, რითიც მოვიდნენ და თან არ უნდა წაეღოთ ტრადიციულად რუსული მიწები", – განაცხადა პუტინმა ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერში.
პუტინს არ დაუკონკრეტებია რომელ რესპუბლიკებს და რომელ მიწებს გულისხმობს და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები.
ამასთან, მან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე საუბრისას შემდეგი განაცხადა: "2014 წელს რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის დემოკრატიული არჩევანი იყო. ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი".
ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.


