
აშშ-ის საელჩო – 20 ივნისზე: "მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ"
20/06/2020 11:19:42 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისის წლისთავს ეხმიანება და აცხავენს, რომ ვაშინგტონი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს, ხელისუფლებას კი დემოკრატიის განმტკიცებისათვის მოუწოდებს.
"20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად. ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: გასული წლის 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.