ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობას გმობენ
19/06/2020 18:53:35 მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების გაყალბების მცდელობას აპროტესტებენ.
სამივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებებში რუსეთის ელჩები დაიბარეს და დემარში გამოუცხადეს ამასწინათ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილი კანონპროექტის გამო, რომელიც სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობის 1989 წლის დადგენილების გაუქმებას ითვალისწინებს.
"უკმაყოფილებას გამოვხატავთ სახელმწიფო სათათბიროში განხილვადი სამართლებრივი ინიციატივის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობას არაერთგზის ცალსახად დაუგმია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, რომელიც თანმდევ საიდუმლო პროტოკოლებთან ერთად საფუძვლად იქცა ორი ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მსოფლიოს ცინიკური განაწილებისა და გზა გაკაფა მეორე მსოფლიო ომისაკენ – ჩვენი საერთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავისაკენ", – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.
ანალოგიური განცხადებები გაკეთდა ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო პოლიტიკური უწყებების მხრიდანაც.
თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება, რომელიც სსრკ-სა და გერმანიას შორის 1939 წლის ავისტოში გაფორმდა, მოიცავდა საიდუმლო პროტოკოლს აღმოსავლეთ ევროპაში ინტერესთა სფეროების გადანაწილების თაობაზე, რომლის თანახმად, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილი სსრკ-ის გავლენის სფეროში შედიოდა. შემდგომში მათ მიემატა ლიეტუვაც. შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1940 წლის ზაფხულში სსრკ-მა ბალტიის ქვეყნებში თავისი ჯარების დიდი კონტინგენტი შეიყვანა, მთავრობების გადაყენებას მიაღწია, მოგვიანებით კი ეს ქვეყნები სსრკ-ის შემადგენლობაში შეიყვანა. ამ ქმედებებს თანამედროვე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ანექსიად და ოკუპაციად მიიჩნევენ, სსრკ-ს კი გერმანიასთან ერთად ომის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
- საბჭოთა ჯარები ბალტიის ქვეყნებში ზუსტად 80 წლის წინ, 1940 წლის 15-17 ივნისს შევიდნენ.
- 18 ივნისს ამერიკულ გამოცემა “National Interest”-ში გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინგლისურენოვანი სტატია მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელშიც იგი ფაქტობრივად ამართლებს ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის ანექსია-ოკუპაციას, ასევე აკრიტიკებს პოლონეთსა და რიგ დასავლურ ქვეყნებს, რომელთაც, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას აკისრებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე.
- დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური რეაქცია ამ სტატიაზე ჯერ არ ყოფილა.
- რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა 9 ივნისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დამგმობი დადგენილების გაუქმების თაობაზე. როდის განიხილავენ მას სათათბიროს პლენარულ სხდომაზე – ჯერ უცნობია.
- დადგენილება 1989 წელს, ე.წ. “პერესტროიკის” დროს იქნა მიღებული. იგი თავად თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას არ გმობს, მაგრამ გმობს “საიდუმლო დამატებითი პროტოკოლისა” და გერმანიასთან საიდუმლო შეთანხმებების გაფორმების ფაქტს. "მასში გაწერილი დებულებები სსრკ-სა და გერმანიას შორის “ინტერესთა სფეროების” გადანაწილების შესახებ და სხვა ქმედებები იურიდიული თვალსაზრისით, ეწინააღმდეგებოდა რიგი მესამე ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას" – ნათქვამია დადგენილებაში.


