Focus: “მოსკოვი გერმანიაში ჯაშუშურ საქმიანობას აძლიერებს”
19/06/2020 17:54:01 მსოფლიო
გერმანული გამოცემა Focus-ის ცნობით, რუსულმა სპეცსამსახურებმა გერმანიაში ბოლო პერიოდში გაცილებით მეტი აგენტი და მათი კურატორი განალაგეს, ვიდრე ე.წ. ცივი ომის პერიოდში ჰყავდათ.
«დაზვერვის თითქმის 200 თანამშრომელი ფარულად მოქმედებს გერმანიაში ინფორმანტების გადასაბირებლად პოლიტიკის, ეკონომიკისა და მედიის სფეროებიდან», – იუწყება Focus კონსტიტუციის დაცვისა და სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური სამმართველოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით.
სტატიაში, რომლის თარგმანს Inopressa აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ რუსი მზვერავების უმარვლესობა დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებს ბერლინში რუსეთის საელჩოში, ასევე მიუნჰენში, ლაიპციგში, ჰამბურგში, ბონსა და მაინის ფრანკფურტში არსებულ გენერალურ საკონსულოებში.
«უშიშროების სამსახურის მონაცემებით, რუსულმა სპეცსამსახურებმა გერმანიასთან მიმართებაში პოლიტიკური დაზვერვა მნიშვნელოვნად გააძლიერეს. პარტიებსა და სამთავრობო სტრუქტურებში გადაბირებული ინფორმატორების მეშვეობით მოსკოვი ცდილობს, დროულად მიიღოს დეტალური ინფორმაცია გერმანიის შიდა და საგარეო პოლიტიკის შესახებ და შემდგომ გავლენა იქონიოს მასზე. ინფორმატორთა კურატორები, რომლებიც ბერლინში რუსეთის საელჩოში ბუდობენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის უწყების თანამშრომლები არიან», – წერს გამოცემა.
Focus იმასაც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები მონაწილეობდნენ 2019 წლის ზაფხულში ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის - ჩეჩენ საველე მეთაურ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშიც.
«ფედერალური პროკურატურის აზრით, მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვი დახმარებას იღებდა ბერლინში რუსეთის საელჩოდან მომავალი მსხვერპლის ადგილმდებარეობის დადგენის მიმართულებით», – დასძენს გამოცემა.


