“ტვიტერმა“ ტრამპის პირად გვერდზე ატვირთულ ვიდეოზე „მანიპულირებადი მედიის“ მინიშნება გააკეთა
19/06/2020 06:41:00 მსოფლიო
"ტვიტერმა“ სოციალურმა ქსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად გვერდზე ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოზე „მანიპულირებადი მედიის“ მინიშნება გააკეთა, - იუწყება СNN.
გამოცემის ცნობით, ზემოთხესენებული ვიდეო სოციალურ მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, რომელშიც თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვები ერთმანეთისკენ მირბიან და ერთმანეთს ეხვევიან. კლიპი შარშან СNN-ის ვებ–გვერდზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: „ეს ბავშვები გვიჩვენებენ, როგორები არიან ცხოვრების საუკეთესო მეგობრები".
ტრამპის „ტვიტერის“ გვერდზე კი კლიპის განსხვავებული ვერსია გამოჩნდა, სადაც შავკანიანი ბავშვი თეთრკანიანს გაურბის. "კლიპს თან ახლავს CNN-ის ფეიკ სათაური: „შეშინებული ბავშვი რასისტი ბავშვისგან გარბის. რასისტი ბავშვი, სავარაუდოდ, ტრამპის ამომრჩეველია“. ვიდეო მთავრდება წარწერით, „პრობლემა ამერიკა არ არის, პრობლემა ფეიკ ნიუსია", – წერს СNN.
ცნობისათვის: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის პოსტზე მინიშნება გააკეთა. მაისში „ტვიტერმა“თეთრი სახლის ლიდერის ერთ-ერთი პოსტი მონიშნა, რომელშიც ტრამპი ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის წესის შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება ხმების მასობრივ გაყალებებას შეუწყობდა ხელს. მოგვიანებით კი „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის კიდევ ერთ პოსტზე გააკეთა მინიშნება და მას ძალადობის წახალისება უწოდა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნით იმუქრება. აღნიშნულის შემდეგ ტრამპმა „ტვიტერი“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.


