აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ სასამართლოს ბოლტონის წიგნის გამოსვლის დაბლოკვის საგანგებო თხოვნით მიმართა
19/06/2020 06:02:35 მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ სასამართლოს მიმართა საგანგებო თხოვნით, დაბლოკოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა.
იუსტიციის სამინისტრო მიმართვის საფუძვლად ასახელებს "გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომლის განსაჯაროებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".
"ბოლტონმა ცალმხრივი წესით გადაწყვიტა, გვერდი აეარა გამოქვეყნებამდე წიგნის განხილვის პროცესისთვის, რაზეც მას მანამდე თანხმობა ჰქონდა ნათქვამი, და ამის ნაცვლად ის გეგმავს, საკუთარი შეხედულებისამებრ გაავრცელოს გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რათა მოგება ნახოს თავისი წიგნიდან", – ნათქვამია უწყების მიმართვაში.
ბოლტონის მემუარების გამოქვეყნება 23 ივნისისთვის არის დაგეგმილი. თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებაში წინასწარ გამოქვეყნდა ნაწყვეტები, რომლებიც სკანდალურ დეტალებს შეიცავს.
CNN–ის ინფორმაციით, ბოლტონი წერს, რომ "დონალდ ტრამპი პირად საუბრებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ჩიოდა, თუმცა საჯაროდ მათ მხარს უჭერდა".
"აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის მე–10 წლისთავზე მას არ მისცა უფლება, რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადება გაევრცელებინა", – იუწყება CNN ჯონ ბოლტონის მემუარებზე დაყრდნობით.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს "მატყუარა" უწოდა და განაცხადა, რომ "ყოფილი მრჩევლის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომლებიც მედიამ გაავრცელა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს". აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ბოლტონი "მოღალატედ" მოიხსენია. „სამწუხარო და სახიფათოა, რომ ჯონ ბოლტონის საბოლოო საზოგადოებრივი როლი იმ მოღალატის როლია, რომელმაც ამერიკა დააზარალა",- განაცხადა პომპეომ.


