Accentnews.ge
გერმანიაში რუსეთის ელჩი ხანგოშვილთან დაკავშირებით ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

გერმანიაში რუსეთის ელჩი ხანგოშვილთან დაკავშირებით ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

18/06/2020 17:50:46 მსოფლიო

გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნეჩაევი უსაფუძვლოს უწოდებს გერმანიის გენერალური პროკურატურის დასკვნას, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაკვეთის თაობაზე.

„როგორც ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, 18 ივნისს გერმანიის გენერალურმა პროკურორმა რუსეთის მოქალაქეს წარუდგინა ბრალდება ბერლინის პარკ თირგარდენში 2019 წლის 23 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში. საბრალდებო დასკვნა შეიცავს მტკიცებულებას, რომ მკვლელობა შესრულდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით. თუმცა, ეს, როგორც ადრე, ახლაც არ არის მტკიცებულებებით გამყარებული და ფაქტით“ , - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ამასთან, ელჩი ირწმუნება, რომ რუსული პროფესიული უწყებები თანამშრომლობენ გერმანელ კოლეგებთან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გერმანიაში განაცხადეს, რომ რუსეთმა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სანქციების თაობაზე, ელჩი პასუხობს:

„რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების განხორციელება, რეაქციის გარეშე არ დარჩება“.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის განმარტებით, მას ესმის გერმანიის პროკურატურის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა, რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება“, – განაცხადა ელჩმა.

ოფიციალურ თბილისს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S