
გერმანიის საელჩო: "საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო პარტნიორია"
18/06/2020 12:39:45 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანული საგამოძიებო უწყების მიერ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს".
"გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს. საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ ფედერალური გენპროკურატურის განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰურბერტ ქნიშმაც განმარტა. მისი თქმით, „გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ნახსენები ფრაზა ეკუთვნის ზელიმხან ხანგოშვილს და არ წარმოადგენს ფედერალური პროკურატურის მოსაზრებას“.
ცნობისთვის: გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.
"დაკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული ურთიერთობები რუსულ სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ინგუშეთის მთავრობებთან, ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან”, – ნათქვამია ფედერალური პროკურატურის საიტზე განთავსებულ დოკუმენტში.