კრემლსა და პუტინის რეზიდენციაში სადეზინფექციო სპეცგვირაბები დაამონტაჟეს
17/06/2020 14:39:06 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციასა და კრემლში კორონავირუსისგან დასაცავად სადეზინფექციო სპეცგვირაბები დაამონტაჟეს. პრეზიდენტის ყველა ვიზიტორი ჯერ "წყლის წვრილდისპერსულ ნისლში” გაივლის, რომელიც ტანსაცმელსა და სხეულის ღია ნაწილებს მადეზინფიცირებელი ხსნარით ფარავს.
ინფორმაცია პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა და დააზუსტა, რომ პენზაში წარმოებული ასეთი გვირაბი კრემლში უკვე ორია.
მარტის შუა რიცხვებში პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის კორონავირუსისგან დასაცავად პრეზიდენტის მონაწილეობით ყველა ღონისძიების დაგეგმვის მონაწილე ყველა თანამშრომელი ტესტირებას გადის და რომ პუტინმა პირადი კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირა.
თავად პესკოვმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსი გადაიტანეს, რის შესახებაც 12 მაისს გახდა ცნობილი. მანამდე ვირუსი რუსეთის ხელისუფლების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს დაუდგინდა, მათ შორის – პრემიერ მიშუსტინსაც.


