Accentnews.ge
“სირცხვილია” 20 ივნისის აქციისთვის მერიისგან რუსთაველის გადაკეტვას კიდევ ერთხელ ითხოვს

“სირცხვილია” 20 ივნისის აქციისთვის მერიისგან რუსთაველის გადაკეტვას კიდევ ერთხელ ითხოვს

17/06/2020 11:24:25 საზოგადოება

მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისის აქციისთვის თბილისის მერიისგან რუსთაველის გამზირის გადაკეტვას კიდევ ერთხელ ითხოვს.

როგორც „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმისათვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოამზადონ შეკრებისთვის და "უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები საჭიროა, სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან".

"20 ივნისს, 19:00 საათზე მოძრაობა #სირცხვილია ვმართავთ გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციას - 1 წელი 20 ივნისიდან.

აქციის ჩატარებას ვგეგმავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, დისტანცირებით.

იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოვამზადოთ შეკრებისთვის, უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმები და გავაკეთოთ დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორია მოვაწყოთ აუცილებელი ინვენტარით და გავმართოთ ხმის სისტემა, საჭიროა სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან.

გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების - შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად.

მოძრაობა სირცხვილია მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერია, შსს) უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი აქცია ჩავატაროთ ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით. ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცეს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", – ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გზის გადაკეტვის თხოვნით მოძრაობა 9 ივნისსაც გამოვიდა.

ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S