Accentnews.ge
„სირცხვილია“ კალაძეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს

„სირცხვილია“ კალაძეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს

09/06/2020 11:55:17 საზოგადოება

მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერს კახა კალაძეს 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ აუწყებს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, შეკრების სრულფასოვნად, რეკომენდაციების დაცვით ჩასატარებლად, საავტომობილო მოძრაობის გარკვეული დროით შეზღუდვაა საჭირო. შესაბამისი განცხადება აქტივისტებმა მერიაში დღეს, 9 ივნისს შეიტანეს.

“იმისთვის, რომ საპროტესტო მანიფესტაცია ჩატარდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, აუცილებელია რუსთაველის გამზირზე (საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე მონაკვეთი) სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს დღის 3 საათიდან, რათა აქციის ორგანიზატორებმა წინასწარ მოამზადონ ტერიტორია შეკრებისთვის – უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმები, გაკეთდეს დისტანციისთვის საჭირო ნიშნულები, მოეწყოს ტერიტორია აუცილებელი ინვენტარით და გაიმართოს ხმის სისტემა სათანადოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქტივისტების განცხადებით, თუ მერია თავად არ უზრუნველყოფს გზის გადაკეტვას, აქციის მონაწილეები დისტანციის დაცვით მაინც შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, რაც “ხალხის მატებასთან ერთად, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს გზის გადაკეტვას”.

მოძრაობა სირცხვილია” აქციას 20 ივნისს, 19:00 საათისათვის აანონსებს. მოძრაობა აღნიშნავს, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისში სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევიდან 1 წლის თავზე, გამოძიებული კვლავ არ არის ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი; მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა პრემიერია, “სახელმწიფო გადატრიალების” ბრალდებით კი ციხეში სხედან “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.

მოძრაობა ასევე ხაზს უსვამს, რომ დაშავებულთა უმრავლესობას დაარალებულის სტატუსი არ მინიჭებია, პირობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კი ამ დრომდე არ სრულდება.

“1 წლის თავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში”, – ამბობენ აქტივისტები.

ისინი მოუწოდებენ 20 ივნისს დაგეგმილ მანიფესტაცაში მონაწილეობის მსურველებს, პანდემიის დროს დაწესებული უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.

ცნობისთვის: ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, რომელზეც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით რიგი მაღალჩინოსნების გადადგომას ითხოვდნენ. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანება მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S