
"ხშირად მსმენია გავრილოვი...მესმის, ვეთანხმები კიდეც, მაგრამ შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტზე შეუძლებელია, გაამართლო"
16/06/2020 19:55:10 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ "პირველი არხის" ეთერში 20 ივნისის ღამეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი საარჩევნო ურნასთან უნდა წყდებოდეს და ეს არ უნდა ხორციელდებოდეს პარლამენტში შეჭრის გზით.
გახარიას თქმით, 20 ივნისის ღამე ქვეყნისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განხორციელდეს.
"პარლამენტზე შტურმის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირების 99%–მა დანაშაული აღიარა და იქ შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რომ ნებისმიერ სხვა დასავლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ამას ექნებოდა სულ სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგებიც. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე მყოფი დემოკრატია ვართ და ნელნელა ყველაფერს ვსწავლობთ. ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო ასევე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა. ამ პასუხისმგებლობის განხორციელების დროს გარკვეული სამწუხარო შედეგები დადგა ყველა ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, ჩემთვის, ეს ხომ მაშინდელი შს მინისტრის პასუხისმგებლობა იყო. კონცეპტუალურად და პოლიტიკურად ჩვენ თუ ამ ყველაფრისგან გამოვიტანთ ისეთ გაკვეთილს, რომელიც ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ განმეორდება საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს საკმაოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მე როგორც რიგითი მოქალაქე ამით დავკმაყოფილდები. მე სკოლის მოსწავლე ვიყავი და მახსოვს პარლამენტის შტურმი და ისიც მახსოვს ამ შტურმის შემდეგ ქვეყანა რა სახის და რა მნიშვნელობის ტურბულენტობაში შევიდა. მერე მახსოვს მეორე შტურმიც. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები ხდება არა ძალადობის გზით, არამედ პარლამენტის ურნასთან, მერწმუნეთ ეს უკვე გარდამავალი დემოკრატიისთვის არის საკმაოდ წარმატებული . ვთვლი, რომ სამწუხარო, რიგ შემთხვევაში ტრაგიკული შემთხვევები, რაც 20 ივნისს მოხდა, ეს მუდმივი ტვირთი იქნება ჩვენთვის, მაგრამ გაკვეთილი და შედეგი ამის უნდა იყოს ეს და მსგავსი ჩვენს ცხოვრებაში აღარ უნდა განმეორდეს. ხშირად მსმენია გავრილოვი...მესმის, ვეთანხმები კიდეც, მაგრამ შტურმი შენი ქვეყნის უმაღლეს ინსტიტუტზე შეჭრის მიზნით და თავდასხმა შენი ქვეყნის პოლიციელებზე შეუძლებელია, გაამართლო", – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეს დიდწილად სამართლებრივი შეფასება მოჰყვა.
"სამართლებრივი შეფასება დიდწილად მოჰყვა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება და მოვესწრებით. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და როგორიც არ უნდა იყოს ის, მე პირადად მას დავემორჩილები".
ცნობისთვის: 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა რუსი დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოს წინ მასშტაბური აქცია მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. ისინი დაზარალებულებად თითქმის 6 თვის შემდეგ ცნეს.
საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და იმჟამინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
3 სექტემბერს „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.