Accentnews.ge
პოლონეთის პრეზიდენტმა "ლგბტ იდეოლოგია” ნეობოლშევიზმს შეადარა

პოლონეთის პრეზიდენტმა "ლგბტ იდეოლოგია” ნეობოლშევიზმს შეადარა

16/06/2020 16:13:58 მსოფლიო

პოლონეთის 28 ივნისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყანაში #1 თემად ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები იქცა.

"ლგბტ – ეს არა ადამიანები, არამედ იდეოლოგიაა" – ამ სიტყვებიდან დაიწყო კონფლიქტი, რომელიც არა მარტო საზოგადოებრივი დისკუსიის, არამედ მოულოდნელად მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა, - იუწყება svoboda.org. თავად მოსაზრება კი ეკუთვნის მმართველი კონსერვატიული პარტია “სამართალი და სამართლიანობის” წევრ დეპუტატს, რომელმაც ეს სიტყვები ოპოზიციურ ტელეარხ TVN-ის ეთერში წარმოთქვა. გადაცემის წამყვანი იმდენად აღშფოთდა, რომ ეთერი შეწყვიტა.

ფართო საზოგადოებრივი და მედია-რეზონანსის მიუხედავად, ლგბტ თემა ალბათ, მალევე გადაინაცვლებდა მეორე რიგში, რომ არა ანჯეი დუდა, რომელიც მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევისთვის იბრძვის. ქალაქ ბჟეგში ამომრჩევლებთან ამასწინანდელლი შეხვედრის მსვლელობისას მან ხსენებული დეპუტატი დაიცვა და მეტიც, “ლგბტ იდეოლოგია” ნეობოლშევიზმს გაუტოლა, ხოლო სქესობრივი აღზრდის სასკოლო გაკვეთილები “პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დროს კომუნისტური იდეოლოგიის ნერგვას” შეადარა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და პუბლიცისტებმა პრეზიდენტი ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს. ამ თემაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მათ შორის, ექს-პრემიერმა, ევროპის საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმაც.

"პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე. ანჯეი დუდა კი ყველაფერს აკეთებს მის გასანადგურებლად. მისი კამპანია – ეს თავის მოჭრაა მთელს მსოფლიოში", – დაწერა “ტვიტერში” ტუსკმა. შედეგად პოლიტიკოსებს შორის სოციალურ ქსელში კამათი გაიმართა.

ლგბტ თემაზე პოლონეთის პრეზიდენტის სკანდალურმა გამონათქვამებმა მედიის ყურადღება მიიპყრო. ამ პუბლიკაციების გამოქვეყნებისთანავე პოლონეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლურ მედიას, “დეზინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოს”. "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ჩემს სიტყვებს კონტექსტიდან გლეჯენ. მე რეალურად მჯერა მრავალფეროვნებისა და თანასწორობის", – დაწერა ანჯეი დუდამ “ტვიტერში”.

საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი, გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ეცემა: დუდა ამ დრომდე ინარჩუნებს მეორე ტურში გასვლის ყვალაზე მაღალ შანსს, თუმცა მასში მოგების შესაძლებლობა საკმაოდ მცირე აქვს. პოლონელი ექსპერტების ვარაუდით, ხისტი გამონათქვამებით მოქმედი პრეზიდენტი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის – ულტრამემარჯვენე პარტია “კონფედერაციის” ერთ-ერთ ლიდერ კშიშტოფ ბოსაკის ელექტორატის გადაბირებას ცდილობს. ბოსაკს მეორე ტურში გასვლის მცირე შანსები აქვს, თუმცა სარგებლობს ამომრჩეველთა დაახლოებით 10%-ის მხარდაჭერით. მიმომხილველები და პუბლიცისტები თვლიან, რომ ხმათა სწორედ ამ 10%-ისთვის იბრძვის დუდა, რომელიც თავად არის პარტია “სამართალი და სამართლიანობის” მიერ ხელდასმული.

  • პოლონეთში, სადაც საკმაოდ ძლიერია კათოლიკური ეკლესიის პოზიციები და კონსერვატიული განწყობები, ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებული არ არის, თუმცა რეგულარულად ტარდება აქციები ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად.
  • პრეზიდენტის არჩევნები მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S