ჩეჩნები, ნარკოდილერები და პუტინის მადიდებელი ლოზუნგები – რა ხდება ფრანგულ დიჟონში
16/06/2020 15:10:14 მსოფლიო
საფრანგეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დიჟონში ჟანდარმერიის დამატებითი ძალები გადაისროლეს. ამის მიზეზი რამდენიმედღიანი არეულობებია.
უკვე მეოთხე ღამეა, გრიზელის რაიონში გრძელდება არეულობები, რომელიც პარასკევს ღამით ერთის მხრივ, ჩეჩნეთის და მეორეს მხრივ, ალჟირისა და მაროკოს მკვიდრებს შორის შეტაკებით დაიწყო. ამის მიზეზად ჩეჩენი მოზარდის ცემა იქცა. როგორც ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, მას ნარკოდილერები დაესხნენ თავს, რომლებიც რაიონს აკონტროლებენ.
დიჟონში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩეჩნეთის 100-მდე მკვიდრი ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრთა კუთვნილი ჩილიმ-ბარის ინტერიერი დალეწეს. პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკებებში 10 ადამიანი დაშავდა. შეტაკებები გაგრძელდა ღამითაც და ორშაბათსაც. თუმცა ხელისუფლების მონაცემებით, ორშაბათს მათში ჩეჩნები აღარ მონაწილეობდნენ.
საფრანგეთში მცხოვრები ისტორიკოსი მაირბექ ვაჩაგაევი აღნიშნავს, რომ კვირას დიჟონში ჩასულმა ყველა ჩეჩენმა ქალაქი დატოვა და არეულობებზე პასუხისმგებლობა ნარკოდილერებს ეკისრებათ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელიც დიჟონში, შენობების კედლებზე დატანილ წარწერებს ასახავს – ეს რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის მადიდებელი წარწერებია. არადა, საფრანგეთის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების უმრავლესობამ თავის დროზე სამშობლო სწორედ კრემლის რეჟიმის მიერ დევნის გამო დატოვა.
ადგილობრივი პოლიციისა და დიჟონის ხელისუფლების მისამართით ისმის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია ფაქტობრივად არ ჩარეულა მიმდინარე მოვლენებში და არც უცდია, შეეჩერებინა არეულობა, რომლის მონაწილეები ჰაერში ისროდნენ, ნაგვის ურნებსა და ავტომობილებს წვავდნენ. მემარჯვენე რადიკალური ოპოზიციური პარტია “ეროვნული გაერთიანების” ლიდერმა მარინ ლე პენმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ “ქვეყანა ქაოსში ეფლობა” და დიჟონში ჩასვლა დააანონსა.
თავის მხრივ, ბურგუნდია-ფრანშ-კონტეს რეგიონის პრეფექტმა ბერნარ შმელცმა იმით იმართლა თავი, რომ “ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყო”.


