
გვარამიას ცნობით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა
15/06/2020 16:32:27 სამართალი
„მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არხის ჟურნალისტის მკვლელობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა.
მისივე ცნობით, თავდაპირველი გამოძიება უკრაინაში დაიწყო და ქართველმა სამართალდამცველებმა ინფორმაცია სწორედ უკრაინიდან მიიღეს, თუმცა თავდაპირველად არასერიოზულად მოეკიდნენ.
„რამდენიმე კვირაა, ეს ჩვენთვის ცნობილია. კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში. მისი დაკავების მიზეზი სხვაა, მაგრამ მთავარი, რაც უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან გახდა ცნობილი, ისაა, რომ ის გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით.
გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მის ტერიტორიაზე, ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნულის ორგანიზება ხდებოდა რუსეთიდან, კერძოდ, ჩეჩნეთიდან, ხოლო განხორციელება ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. გაბუნიას თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ“,– განაცხადა გვარამიამ.
გვარამია აღნიშნულს გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას უკავშირებს.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში საქართველოსთვის შეუტყობუნებლად მიმდინარეობდა, რადგან „საქართველო არაა სანდო პარტნიორი, როდესაც გამოძიება რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს“.
„ამდენად, დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის. როდესაც კორონაპანდემიის დროს კონტროლი მოიშალა, საქმე გამოუგზავნეს საქართველოს სამართალდამცველებს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიიღო. ჩათვალა, უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე და ეს მისასალმებელია. საბოლოო ჯამში, ეს მოქალაქე სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ რეალური მიზეზით იქნა დაკავებული“,– აღნიშნა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებით, „ნებისმიერი ზიანზე, რომელიც მიადგება „მთავარი არხის“ ნებისმიერ თანამშრომელს, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას“. ამის შესახებ მან გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოუწოდა ქართველ და უკრაინელ სპეცსამსახურებს, მაქსიმალურად გაასაჯაროონ ინფორმაცია ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რომ ამ დროისთვის განსაჯაროვდეს და მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგნენ გასაჯაროების საკითხს, რადგან ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების. ქართული და უკრაინული სპეცსამსახურების ძალა რუსეთის ტერიტოსმთან შედარებით არაა ისეთი ძლიერი, როგორიც საჯააროობა შეიძლება, იყოს. ამ ტელევიზიამ ყველა მტერი საჯაროობით დაამარცხა.
განსაჯაროებაში ცივილიზებული სამყაროს იტერესია. დღეს გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობაზე გაიარა ხაზმა ცივილიზებულ სამყაროსა და ბლენეთს შორის. გაბუნიას ერგო ეს პატივი, თუმცა ასევე ერგო უზარმაზარი საფრთხე“,– განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის: რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი ქავთარაძეზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოკოვის მიერ ნაქირავები ბინიდან ნარკორიკული საშუალებები და იარაღი ამოიღეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როგორც ცნობილია, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულს ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენას და დამზადებას ედავება.
არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში ოთხი თვის წინ ჩამოვიდა.