"ვიმედოვნებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ერთ წელიწადში დავუბრუნდებით"
15/06/2020 06:38:50 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ერთ წელიწადში დაუბრუნდება.
„ვიმედოვნებ, რომ რაღაც დონით ნორმალურ ცხოვრებას სადღაც ერთ წელიწადში დავუბრუნდებით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შემოდგომას ან ზამთარში მოხდება“,– განაცხადა მან "The Telegraph"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ზოგიერთ შტატში "ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების პროცესს თან ახლავს ინფექციის გავრცელების უფრო დიდი მაჩვენებლები, ვიდრე ეს აქამდე იყო".
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–ში დაიღუპა და დაინფიცირდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 116 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 მილიონს აჭარბებს.


