კრემლის ყველა თანამშრომელი ორშაბათიდან სამუშაო ადგილზე უნდა გამოცხადდეს. პუტინს ეს არ ეხება
12/06/2020 14:56:55 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, რომელიც 30 მარტიდან დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას, ორშაბათიდან – 15 ივნისიდან სამუშაო ადგილზე უნდა გამოცხადდეს, ეს ეხება ყველას, თავად პრეზიდენტ პუტინის გარდა, რომელიც, მისი პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.
“პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე თვალსაწიერ მომავალში დაბრუნდება. ამასთან, განრიგის ოპტიმიზაციისა და მუშაობის დახვეწის მიზნით მან შესაძლოა, რიგი შეხვედრები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე დატოვოს” – განაცხადა პესკოვმა.
- 8 ივნისს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედაქალაქში საკარანტინო ზომები გაუქმებულად გამოაცხადა. 9 ივნისიდან გაუქმდა თვითიზოლაციის რეჟიმი და შესაბამისი საშვები, რომლებიც ქალაქში მოქმედებდა, 16 ივნისიდან უნდა აღადგინონ მუშაობა ღია საზაფხულო დასასვენებელმა სივრცეებმა, 23- დან - კაფე-რესტორნებმა.
- ეს – მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით რუსეთში ვითარება კვლავ არასახარბიელოა. ბოლო დღეებში ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიურმა ნამატმა კვლავ ზრდა დაიწყო. სულ რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 500 000-ს გადააჭარბა. ამ ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი უჩვეულოდ დაბალია, რამაც ჯანმო-ს სპეციალისტების ეჭვი გამოიწვია. მანამდე ოფიციალური სტატისტიკის რეალურობის კუთხით ეჭვებს გამოთქვამდნენ რიგი რუსული მედიასაშუალებებიც, რომელთა აზრით, რუსეთის ხელისუფლება სტატისტიკურ მონაცემებს ხელოვნურად ამცირებს.


