ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ყოფილი სამხედრო გაასამართლეს
10/06/2020 13:52:57 მსოფლიო
ზალცბურგის (ავსტრია) სასამართლომ არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ მარტინ მ.-ს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სცნო რა დამნაშავედ ჯაშუშობასა და საიდუმლო სამხედრო მონაცემების რუსეთისთვის მიწოდებაში, - იუწყება DW.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. 71 წლის ყოფილი სამხედრო პირის ვინაობა არ საჯაროვდება.
გამოძიების ვერსიით, ყოფილი პოლკოვნიკი რუსეთის სამხედრო დაზვერვას (ГРУ) საიდუმლო მასალებს სულ მცირე, 25 წლის განმავლობაში აწვდიდა და ამაში 280 ათას ევროს იღებდა.
ადვოკატის ინფორმაციით, განსასჯელმა აღიარა, რომ რუსეთს გარკვეულ მონაცემებს აწვდიდა, თუმცა განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ღია წყაროებიდან იღებდა და თავისი საქმიანობა “უცხოეთში კორესპონდენტის მუშაობას” შეადარა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ ამაში ანაზღაურებას იღებდა, თუმცა არა 280, არამედ 220 ათას ევროს.
ყოფილი პოლკოვნიკი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს, ამიტომაც სასჯელის ვადის ნახევარი მას უკვე მოხდილად ეთვლება და ასაკის გათვალისწინებით, იგი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
2019 წლის ზაფხულში ავსტრიამ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ГРУ-სთვის მუშაობაში იყო ეჭვმიტანილი. ავსტიურლი პოლიციის ინფორმაციით, მოსკოვის 65 წლის მკვიდრი იგორ ზაიცევი ინფორმაციას, მათ შორის, მის მიერ გადაბირებული ავსტრიელი პოლკოვნიკისგან იღებდა.
მოსკოვი ჯაშუშობასთან ზაიცევის კავშირს, ტრადიციულად, უარყოფს.
ამ ინციდენტის გამო ავსტრიის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა რუსეთში ვიზიტი გადადო, კანცლერმა სებასტიან კურცმა კი რუსეთის მოქმედებას “დაუშვებელი” უწოდა.


