
ეუთო-ში აშშ-ის ელჩი: “რუსული ჯარი უბრალოდ უნდა გავიდეს საქართველოდან და უკრაინიდან”
10/06/2020 12:36:13 კონფლიქტები, პოლიტიკა
“რუსულმა არმიამ საქართველო და უკრაინა უბრალოდ უნდა დატოვოს” – განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა.
მისივე თქმით, «ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ რუსული ჯარის შეჭრამდე, რომელმაც სეპარატისტებს მხარი დაუჭირა და ვითარებაზე კონტროლი დაამყარა”.
“ყველაფერი ძალზე მარტივია: რუსული ჯარი უბრალოდ უნდა გავიდეს. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება მსჯელობა ქვეყნის მომავლის ნამდვილ არჩევანზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. საქართველო მომართულია, იყოს ერთიანი ქვეყანა, სადაც ყველას მიმართ ერთნაირი და სამართლიანი დამოკიდებულება იქნება და ეს ისაა, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ», – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა პროექტ «Пограничная ZONA»-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ელჩის თქმით, “რუსი სამხედროები საქართველოში განთავსებულები არიან იმისთვის, რომ ქვეყანას საკუთარი მომავლის არჩევის შესაძლებლობა არ მისცენ”, თუმცა ადრე თუ გვიან, ისინი გავლენ – ეს აბსოლუტურად ნათელია”.
“საქართველოს სურს, იყოს სუვერენული ქვეყანა და თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი” – დასძინა მან.
მანამდე, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გილმორმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა”. მან მოუწოდა მოსკოვს, უკანონო ბარიერების მშენებლობა შეწყვიტოს.