Bloomberg: დუბაის ემიგრანტები ტოვებენ
10/06/2020 11:48:01 მსოფლიო
შესაძლოა, დუბაის მოსახლეობა 10%-ით შემცირდეს, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქს ემიგრანტები ტოვებენ,– იუწყება Bloomberg.
როგორც გამოცემა პროგნოზირებს, ემიგრანტების მიერ ქალაქის დატოვებას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან დუბაის ეკონომიკური მოდელი უცხოელი რეზიდენტების შრომაზეა დაფუძნებული.
„მართალია, დუბაი ჩემთვის მშობლიური სახლივითაა, მაგრამ ძალიან ძვირიანი ქალაქია. აქ, სამწუხაროდ, ემიგრანტების ინტერესებს არავინ იცავს. თუ ავსტრალიაში დავბრუნდები, სამსახური რომ არც მქონდეს, უფასო სკოლა და ჯანდაცვის პოლისი მაინც გარანტირებულად მექნება“, - აცხადებს ემიგრანტი სარა სისონი, რომელიც 25 წელია, დუბაიში ცხოვრობს.
ანალიტიკური ორგნიზაცია Oxford Economics აცხადებს, რომ დუბაიმ კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლებელია, 900,000 სამუშაო ადგილი დაკარგოს, რაც ქალაქის მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ია და თუ იმას გავითავლისწინებთ, რომ დუბაის მოსახლეობის 90% უცხოელი რეზიდენტებისგან შედგება, პოტენციურად ქალაქის მოსახლეობა ამდენივე პროცენტით შემცირდება.


