Accentnews.ge
გაერო – ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს საკვების ყველაზე მწვავე კრიზისი ემუქრება

გაერო – ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს საკვების ყველაზე მწვავე კრიზისი ემუქრება

10/06/2020 09:43:59 მსოფლიო

ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს საკვების ყველაზე მწვავე კრიზისი ემუქრება. ამის შესახებ გაერო–ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„თუ ქვეყნების მთავრობები მყისიერად არ იმოქმედებენ, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საკვების მწვავე კრიზისი იქნება, რომელის ზემოქმედებაც ასობით მილიონ ბავშვსა და ზრდასრულზე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მივიღოთ ზომები, რათა პანდემიით გამოწვეული ყველაზე მძიმე შედეგები ავიცილოთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი კულტურების მოსავალის შენარჩუნება მოხერხდა, პანდემიის გავლენა გრძელდება და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც საკვებ პროდუქტებს უხვად აწარმოებენ, ჩვენ საკვები პროდუქტებით მომარაგების ქსელში შეფერხების რისკებს ვხედავთ“, – განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, მან წარმოადგინა სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც გაერო–ს გენმდივანის თქმით, მსოფლიოს საკვების კრიზისის შემსუბუქების საშუალებას მისცემს:

„პირველი, ყურადღება უნდა გამახვილდეს პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებზე და მთავრობებმა სურსათით მომარაგების ქსელი უნდა გამართონ. მეორე, სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა გააძლიერონ სოციალური დაცვა ბავშვების, ორსულების, მეძუძური ქალების და სხვა რისკ ჯგუფების, რათა უზრუნველჰყონ მათი სათანადო კვება. მესამე, მთავრობებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ჯანსაღი და ეკოლოგიურად მდგრადი კვების სისტემების შექმნასა და განვითარებას“.

გაერო–ს გენმდივანის თქმით, მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს და მათი რაოდენიბა წელს შესაძლოა, კიდევ დაახლოებით 50 მილიონით გაიზარდოს.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მსოფლიოში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი. ამასთან, შეზღუდვების გამო მილიონობით სეზონური მუშახელი სამსახურის გარეშე დარჩა. ფერმერებმა, რომელთაც მოსავლის რეალიზება ვერ მოახერხეს, იძულებულები გახდნენ გაფუჭებული პროდუქტები გადაეყარათ.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 822-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S