
ჰომოფობიურ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან 21 გაათავისუფლეს
15/06/2019 09:18:04 სხვა, სამართალი
მთავრობის ადმინისტრაციასთან, თბილისის პრაიდის ორგანიზატორების შეკრების პარალელურად მიმდინარე ჰომოფობიურ კონტრაქციაზე, ჯამში, 28 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
უწყების თანახმად, დაკავებულები “ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ”.
“პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობისას მომხდარი ყველა ინციდენტის ამსახველ მასალას და მათ “უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება”.
“აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა”, – აცხადებს უწყება და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეკრებისას კანონი დაიცვან, სხვა შემთხვევაში კი “სამინისტრო მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში” იმოქმედებს.