ჯანმო პაკისტანს კარანტინის რეჟიმის ხელახლა შემოღებისკენ მოუწოდებს
10/06/2020 09:10:37 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კარანტინის რეჟიმის ხელახლა შემოღებისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ქვეყანაში Covid-19-ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.
"მოვუწოდებთ პაკისტანს შეაჩეროს შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი და შემოიღოს ორკვირიანი კარანტინი. აღნიშნულის გარეშე ქვეყანაში შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემა ჩამოინგრეს", – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, პაკისტანში Covid-19-ის 113 702 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებით გარდაცვლილია 2 255 ადამიანი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 413 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 321 000–ს გადააჭარბა, 3 606 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 822-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 690 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


