უკრაინამ თავისი დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები ჩართო
09/06/2020 16:30:32 მსოფლიო
უკრაინამ ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრებზე თავისი დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების წარმომადგენლები ჩართო.
ჟურნალისტები სერგეი გარმაში და დენის კაზანსკი შეხვედრებზე დონეცკის ოლქს წარმოადგენენ, იურისტი ვადიმ გორანი და ექიმი კონსტანტინ ლიბსტერი კი - ლუგანსკს.
ხსენებულ პირებს რუსეთის მიერ მართულ სეპარატისტებთან კავშირი არ აქვთ და ამჟამად მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, კონფლიქტის დარეგულირების მისნკის შეთანხმებების თანახმად, კიევმა რიგი საკითხები, კერძოდ, საარჩევნო სფეროდან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების წარმომადგენლებთან უნდა შეათანხმოს. ამასთან, შეთანხმებებში არ არის ნახსენები, რომ ამ წარმომადგენლებს კავშირი უნდა ჰქონდეთ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო მთავრობებთან.
უკრაინის ხელისუფლება თვლის, რომ დონეცკსა და ლუგანსკს მოლაპარაკებებზე შეიძლება, წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის აღმოსავლეთი კონფლიქტის გამო დატოვეს.
- სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შემადგენლობაში უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენლები შედიან. ჯგუფის სხდომები, როგორც წესი, მინსკში იმართება. რუსეთი შეხვედრებში მის მიერ მართული სეპარატისტების წარმომადგენლებსაც რთავს, თუმცა ოფიციალურად ისინი მხარედ არ ითვლებიან.


