ქუინტანა: ჩრდილოეთ კორეაში მოშიმშილე ოჯახების რაოდენობა იზრდება
09/06/2020 15:44:30 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს მომხსენებელი თომას ოჰეა ქუინტანა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში საკვების უკმარისობის პრობლემა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. პანდემიის გამო, ქვეყანას უკვე ხუთი თვეა, ჩინეთთან საზღვარი სრულიად ჩაკეტილი აქვს.
თომას ოჰეა ქუინტანამ გაერო-ს ჩრდილოეთ კორეის წინააღდეგ სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანამ დახმარების სახით საკვების მიღება შეძლოს.
„იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ. ისინი ჭამენ მხოლოდ სიმინდს ან საერთოდ შიმშილობენ“, – განაცხადა თომას ოჰეა ქუინტანამ.
ამასთან, მან ფხენიანს საზღვრების გახსნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში ვაქცინების მარაგი და საზღვარზე გაჩერებული დახმარება შევიდეს.
როგორც გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერი, ელისაბეთ ბაირსი აცხადებს, ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობის 40%–ს – 10 მილიონზე მეტ ადამიანს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
ცნობისთვის: დღეს ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ, მათ შორის გაითიშება ცხელი ხაზიც, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
როგორც ფხენიანში აღნიშნეს, ეს პირველი ნაბიჯია "მტრის" წინააღმდეგ.
"2020 წლის 9 ივნისიდან ჩრდილოეთ კორეა დახურავს კომუნიკაციის ოფისებს და სრულად გაწყვეტს კავშირს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხელისუფლებებს შორის, რაც ამ ოფისების მეშვეობით ხორციელდებოდა. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საჭირო არ არის სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მათთან არაფერი გვაქვს განსახილველი. ისინი მხოლოდ შეშფოთებას იწვევენ ჩვენში", - გამოაცხადეს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში.
2018 წელს ორმა ქვეყანამ დაძაბულობის განმუხტვისათვის კომუნიკაციის ოფისები შექმნა. მუშაობას ეს ოფისებიც შეწყვეტენ. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო ოფისები დახურული იყო, თუმცა სატელეფონო კონტაქტი გრძელდებოდა. სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ბოლო 21 თვის განმავლობაში პირველად 8 ივნისს მათ ზარს არ უპასუხეს.
გასულ კვირას კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჯონგი სამხრეთ კორეას კომუნიკაციის გაწყვეტით დაემუქრა, თუ ისინი არ შეაჩერებნდნე ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში პროკლამაციების გაგზავნას ცდილობენ.


