
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, დაკავებულია ერთი პირი
14/06/2019 19:53:41 სხვა, სამართალი
მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი დააკავა.
მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ პირების აქცია და ჰომოფობიური ჯგუფების კონტრაქცია მიმდინარეობს ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ავტობუსებით გასვლას არ აპირებენ. მისი თქმით, კანცელარიასთან იქამდე დარჩებიან, სანამ ხელისუფლება პოზიციას არ დააფიქსირებს.
აქცია და კონტრაქცია უკვე 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ფონზე ლგბტ აქტივისტები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მთავრობას პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ.
აქტივისტებმა აქცია დღეს 7 საათისთვის დაანონსეს და როგორც ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია. კანცელარიასთან მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიციელები დახვდნენ. მათი თქმით, პოლიციამ კანცელარიის წინ აქციის გამართვის უფლება არ მისცა, ამიტომ პროტესტმა კიბეებზე გადაინაცვლა, სადაც ასეულობით პოლიციელი ყოფს მათ აგრესიული ჯგუფებისგან.
კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულები არიან არამხოლო აქტივისტების, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქციაზე სულ 8 პირი დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.