საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად სომხეთსა და აზერბაიჯანში იზრდება
09/06/2020 08:00:10 მსოფლიო
საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია, შემდეგ ადგილს თურქეთი იკავებს, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე – სომხეთი და აზერბაიჯანია. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყველაზე მკვეთრად სომხეთსა და აზერბაიჯანში იზრდება. მაგალითად, სომხეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 350 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 195. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადების 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი – 314.
- თურქეთი: 171 121 ინფიცირებული, 4 711 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 7 876 ინფიცირებული, 93 გარდაცვლილი
- სომხეთი: 13 675 ინფიცირებული, 217 გარდაცვლილი
- რუსეთი: 485 253 ინფიცირებული, 6 142 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 408 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 201 000–ს გადააჭარბა, 3 539 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 818-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 686 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა.


