მარინ ლე პენის პარტია რუსულ კომპანიას 9 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო ვალს დაუბრუნებს
08/06/2020 17:53:54 მსოფლიო
ფრანგულმა ულტრამემარჯვენე პარტიამ “ეროვნული გაერთიანება” რუსულ კომპანია “ავიაზაპჩასტთან” სასამართლო გარიგება გააფორმა 9 მლნ ევროს ოდენობის საკრედიტო ვალის დაბრუნების თაობაზე, რომელიც მარინ ლე პენის პარტიამ 2014 წელს პირველი რუსულ-ჩეხური ბაკისგან აიღო. დოკუმენტი საარბიტრაჟო სასამართლოების მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს.
1 ივნისს გაფორმებული გარიგების თანახმად, “ეროვნული გაერთიანება” ვალდებულია, უახლოეს ხანებში 1 მლნ ევრო და 389 000-ს ოდენობის საკრედიტო პროცენტი გადაიხადოს, დარჩენილ დაახლოებით €8,2 მლნ-ს კი იგი ტოლ ნაწილებად 2028 წლის დეკემბრამდე დაფარავს. რუსული კომპანია ვალის გადანაწილებას დასთანხმდა და საჯარიმო სანქციები არ მოუთხოვია. 3 ივნისს გარიგება მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაამტკიცა.
მარინ ლე პენის “ეროვნულმა გაერთიანებამ” რუსული ბანკისგან კრედიტი 2014 წელს, მას შემდეგ აიღო, რაც ევროპულმა ბანკებმა უარით გაისტუმრეს. 2016 წელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პირველ რუსულ-ჩეხურ ბანკს ლიცენზია ჩამოართვა და ლე პენის პარტიის ვალის მოთხოვნის უფლება კომპანია “კონტიზე” გადავიდა, მან კი, თავის მხრივ, კომპანია “ავიაზაპჩასტს” გადასცა, რომელიც საბჭოთა საწარმო “ავიაზაგრანპოსტავკის” საფუძველზე ჩამოყალიბდა.
ხსენებული რუსული ორგანიზაცია, რომელიც რუსული ავიატექნიკისთვის აღჭურვილობას აზიასა და აფრიკაში ყიდის, ბიზნესმენ ვალერი ზახარენკოვს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი, არსებული ინფორმაციით, ბიზნესს “ლიბიაში გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე ირლანდიელ გენერალ ტედ ო’ნილთან” აწარმოებდა და იარაღით უკანონო ვაჭრობის შესახებ საქმის ფიგურანტი გახლავთ.
კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი მრავალი წლის განმავლობაში ეკავა ცნობილ მზვერავს, რუსეთის გმირ ევგენი ბარმიანცევს, რომელიც ცნობილია, მათ შორის, როგორც 1999 წელს კოსოვოში რუსული ბატალიონის შეტევის ოპერაციის გეგმის შემმუშავებელი.
სწორედ ეს ვალი იქცა მარინ ლე პენის (იმხანად მის პარტიას “ეროვნული ფრონტი” ერქვა) რუსეთის მიერ მართულობაში დადანაშაულების ერთ-ერთ საბაბად.
ლე პენმა საფრანგეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა. მისი პარტია ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყანაში.


